News

MFC-ის რიგით 27-ე ყოველწლიური კონფერენცია

MFC-ის რიგით 27-ე ყოველწლიური კონფერენცია

2025-05-30

მიკრობანკი ემბისის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებულ რიგით 27-ე ყოველწლიურ კონფერენციაში - "ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“. ღონისძიება 27-29 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მიზანი გახლდათ ინკლუზიური ფინანსების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური რისკები და კლიმატური ცვლილებები.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები. მთავარი თემები მოიცავდა მდგრად დაკრედიტებას, ქალთა გაძლიერებას, ციფრულ ინოვაციებსა და ზეგავლენის შეფასებას.

ემბისის რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - "მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში: მდგრადობის მოდელი ცვალებად რეგიონში," სადაც განიხილა სექტორის როლი ეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფაში.

ნინო დევდარიანის თქმით, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადობა მხოლოდ ცვლილებებთან ადაპტაციას არ გულისხმობს, ეს არის გრძელვადიანი ნდობის, ხელმისაწვდომობის და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება საზოგადოებრივ დონეზე.

MFC - მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.