CSR სიახლეები

ინოვაციების ბანაკი

ინოვაციების ბანაკი

2021-07-13

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუსთან", "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან", "ემბისი"-სთან და ქართულ ბაზარზე მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკთან ერთად, ორდღიან ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

წლევანდელი ბანაკი ფინანსური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა და მისი თემა იყო - "ინოვაციები ფინანსურ განათლებაში". 

ღონისძიება ონლაინ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა 15-დან 18 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე იდეების ინტენსიური გენერირების ორდღიანი ღონისძიებაა, სადაც მოსწავლეები კონკრეტულ ბიზნეს გამოწვევებზე მუშაობენ და ამ გამოწვევებთან გამკლავებას ეფექტიანი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ.

პროექტის დასაწყისში, მონაწილეებს "ფინედუ"-ს გუნდისგან საგანმანათლებლო ლექცია ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. შემდგომ, მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს. შეზღუდული დროის მიუხედავად, მოსწავლეებმა საინტერესო იდეები წარმოადგინეს. მონაწილეებს საბანკო-საფინანსო სექტორის მოწვეულმა ექსპერტებმა კონსულტაციები გაუწიეს.

"ემბისი"-დან პროექტში ჩართული იყო სამი ექსპერტი, რომლებიც ინტენსიურად მუშაობდნენ გუნდებთან მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის მიმართულებით.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილე გუნდებმა პრეზენტაციები წარადგინეს, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდის გამოვლენა შეძლო. ჟიურის წევრად მიწვეული იყო "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია.

პროექტის გამარჯვებულებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და (123 ქვეყანაში აღიარებული) სერტიფიკატები გადაეცათ.

ინოვაციების ბანაკი