23-27 აგვისტოს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, UN Women Georgia-ს ინიციატივით, საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების კუთხით მიღწეული პროგრესის მხარდასაჭერად, სპეციალური სასწავლო ტური მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი 14 ბიზნესკომპანია იღებდა.
"ემბისი"-ს მხრიდან სასწავლო ტურში კორპორაციული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, თამთა ასლანიშვილი გახლდათ წარმოდგენილი.
ტური მიზნად გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ნორვეგიაში არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნორვეგია გლობალური გენდერული ინდექსით მსოფლიოს მასშტაბით მესამე პოზიციაზეა.
სასწავლო ტურის ფარგლებში შეხვედრები შედგა ნორვეგიული კომპანიების Storebrand-ის, Telenor-ისა და HerSpace-ის ხელმძღვანელებთან, ნორვეგიის ყოფილ ვიცე-პრემიერ, ტრინე შაი გრანდესა და ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ტურის მონაწილეები გაეცნენ იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთაც ორგანიზაციები თუ უწყებები ახორციელებენ ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მხარდასაჭერად. ამასთანავე, განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშემწყობი ინიციატივებიც.
სასწავლო ტურის დასასრულს ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინკლუზიურობისა და ჩართულობის შესახებ ყოველწლიურ სამიტში - Diversify Nordic Summit.