15 ივლისს, ემბისიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ფორუმში: "პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" (Partnership 4SDGs), რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის თემას მიეძღვნა.
ფორუმის ფარგლებში, ემბისის კორპორაციული მდგრადობის გუნდის წარმომადგენელი ჩაერთო პანელურ დისკუსიაში - "მდგრადი დაფინანსება პრაქტიკაში: ფინანსური სექტორი, როგორც მწვანე გადასვლის ხელშემწყობი საქართველოში", სადაც განიხილეს ფინანსური სექტორის როლი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ისაუბრეს ESG პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) სტრატეგიასა და მწვანე საინვესტიციო პოლიტიკაზე, ჯანდაცვისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში მდგრადი პრაქტიკების დანერგვასა და მათ გავლენაზე ბიზნესის გრძელვადიან განვითარებაში.
როგორც მიკრობანკ ემბისიში აცხადებენ, ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.
"ემბისისთვის მდგრადი დაფინანსება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე წლებია, ვაძლიერებთ ფინანსურ პრაქტიკებს და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობ ინიციატივებს. გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს" - ამბობს ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ფინანსური სექტორის ლიდერებს, კომპანიებს, ბიზნესასოციაციებსა და ინვესტორებს აერთიანებს. წლევანდელი ღონისძიება ქალაქ ბათუმში, შვედეთის დაფინანსებით, პროექტის - "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა.