სოციალური პასუხისმგებლობა

სოციალური პასუხისმგებლობა

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" ("ემბისი") თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. "ემბისი"-ს მიზანია მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, მომხმარებლებთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. "ემბისი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. 

"ემბისი"-სთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის მოდელთან ინტეგრირებულ თვითრეგულირების ფორმას წარმოადგენს და ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში: 

  • გამჭვირვალობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პარტნიორობა;
  • ეთიკური კორპორაციული მართვა;
  • ინოვაცია.

გაერო ხელს უწყობს მდგრადი გლობალური ეკონომიკის შექმნას და გლობალური შეთანხმების ფარგლებში 10 ძირითად პრინციპს გვთავაზობს. "ემბისი"-მ, როგორც შეთანხმების მონაწილე კომპანიამ, აღნიშნულ პრინციპები სტრატეგიის და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად აქცია. ეს პრინციპები 4 კომპონენტად ერთიანდება და მოიცავს: ადამიანის უფლებებს, შრომის უფლებებს, გარემოს დაცვას და კორუფციასთან ბრძოლას. 

"ემბისი"-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

  • გარემოს დაცვა;
  • ქალთა გაძლიერება;
  • ფინანსური განათლების მხარდაჭერა;
  • შრომითი უფლებები;
  • ახალგაზრდების მხარდაჭერა;
  • გამჭვირვალობა და ბიზნესეთიკა.

"ემბისი" არის გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივის წევრი, CSR კლუბის წევრი, UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრი და ახორციელებს პროექტებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. "ემბისი"-ს თანამშრომლები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ატარებენ ტრენინგებს მოწყვლადი ადგილობრივი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მათი ეკონომიკური ჩართულობის გაზრდისთვის, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული ტრეინინგები ხორციელდება EPIC პროექტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით. 2018 წლიდან "ემბისი" საქართველოს "პრო ბონო" ქსელის წევრია და კომპანიის პროფესიული რესურსები აქტიურად არის მიმართული საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. "ემბისი"-ს თანამშრომლები უსასყიდლოდ უწევენ მაღალკვალიფიციურ პროფესიულ მომსახურებას შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს.

2017 წელს "ემბისი" შეუერთდა Smart Campaign-ს - მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კამპანიას. 

Smart Campaign  გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით 4700-ზე მეტ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ასოციაციას, ინვესტორსა, თუ დონორს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. 2008 წელს ჩამოყალიბებული კამპანიის უმთავრესი დანიშნულება გახლავთ მომხმარებლისთვის, როგორც ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალისთვის,  გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურების შეთავაზება. Smart Campaign-ის პრინციპების დაცვით "ემბისი“ ახორციელებს მომხმარებლების პასუხისმგებლიან  დაფინანსებას და უწევს მათ კონსულტაციებს "ფინანსური მრჩეველის" პროექტის ფარგლებში.

"ემბისი"-ს მომხმარებელი ყოველთვის სრულად არის ინფორმირებული ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობებსა და ვადებზე. ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებისადმი დამოკიდებულება ეფუძნება პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებსა და მორალურ ღირებულებებს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისათვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას და დაცვას, უზრუნველყოფს მათი განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს შექმნას.